რეტროსპექტული გამოფენა - „COVID-19 ხელების ჰიგიენა ყველასთვის!"
 14/10/2020

15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვაძლევს  საშუალებას, ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ დღეს ვირტუალური გამოფენით აღნიშნავს.

ვირტუალურ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჰიგიენის დაცვის თემაზე შექმნილი თანამედროვე პოსტერები, ისე ამავე თემაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

COVID-19-ის პანდემია გვახსენებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ ხელების წყლითა და საპნით დაბანაა. 2020 წლის დღის თემაა „ხელების ჰიგიენა ყველასთვის!", რომელიც ემყარება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს COVID-19-ის პანდემისთან დაკავშირებით და მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ხელების ჰიგიენას, კერძოდ კი ხელების წყლითა და საპნით დაბანას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. ხელების წყლითა და საპნით დაბანა არის ყველაზე ეფექტიანი და ხელმისაწვდომი საშუალება სხვადასხვა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის და უზრუნველყოფს უსაფრთხო სიცოცხლეს.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე დაარსდა გლობალური პარტნიორობის მიერ. პირველად იგი 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა, როდესაც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 120 მილიონზე მეტმა ბავშვმა წყლითა და საპნით დაიბანა ხელები. ხელების დაბანის მსოფლიო დღეს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები, მთავრობები, არასამთავრებო და სამთავრებო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

ხელების დაბანამ შეიძლება შეგინარჩუნოთ ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოთ რესპირაციული და დიარეული დაავადებების გავრცელება. მიკრობები შეიძლება გავრცელდეს, როდესაც:

  • დაუბანელი ხელებით ეხებით თვალების, ცხვირისა და პირის მიდამოს;
  • დაუბანელი ხელებით ამზადებთ ან მიირთმევთ საკვებს;
  • ეხებით დაბინძურებულ ზედაპირებს ან საგნებს;
  • ხველების ან ცემინებისას იფარებთ ხელებს და შემდეგ ვირუსით დაბინძურებული ხელებით ეხებით ირგვლივ მყოფ საგნებს.

თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენს და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას თუ ხშირად დაიბანთ ხელებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია თქვენს მიერ სხვა ადამიანების დაინფიცრიების  და ვირუსის გავრცელების რისკი.

COVID-19 -ის პანდემიისას ხელების დაბანამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ცნობილია, რომ COVID-19 ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტისას ხდება წვეთების საშუალებით, რომელიც დაინფიცირებული ადამიანიდან ხველისა და ცემინების დროს გამოიყოფა და როდესაც მანძილი ადამიანებს შორის  1 მეტრზე ნაკლებია, წვეთები შესაძლებელია  თვალში, პირისა და ცხვირის ღრუში ან ფილტვებში მოხვდეს.

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა:  

  • საკვების მომზადებისა და მირთმევის დროს;
  • სახეზე შეხებამდე;
  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნის შემდეგ;
  • ხველისა და ცემინების შემდეგ;
  • ნიღბის გამოყენების შემდეგ;
  • საფენების შეცვლის შემდეგ;
  • ავადყოფთან კონტაქტის შემდეგ;
  • ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ;

 გახსოვდეთ:

  • თუ წყალი და საპონი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ ხელების დასამუშავებლად სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი;
  • დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალის, პირისა და ცხვირის მიდამოს;
  • ხელების დაბანა ყველაზე მარტივი და ეფექტიანი საშუალება ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
  • სუფთა ხელებით ვირუსი არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე;
  • სუფთა ხელებით ვირუსი არ ვრცელდება ირგვლივ მყოფ გარემოში - სახლში, სამუშაო ადგილზე, საბავშვო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში და ა.შ.

 დაიცავით ხელის დაბანის 5 წესი:

1.     დაისველეთ ხელები გამდინარე, სუფთა წყლით და საპონით;

2.     ააქაფეთ საპონი, კარგად წაისვით ხელისგულებზე და თითებშორის სივრცეებში, ფრჩხილებზე;

3.     დაიბანეთ ხელები არანაკლებ 20 წუთისა; თუ არ გაქვთ საათი, შეგიძლიათ ორჯერ იმღეროთ «Happy Birthday»  თავიდან ბოლომდე;

4.     კარგად ჩამოიბანეთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით;

5.     შეიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ან  ერთჯერადი ხელსახოცით.

 

____________________________________________

 იხილეთ ასევე:

 https://globalhandwashing.org/global-handwashing-day/