საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ვირტუალური გამოფენა
 26/05/2020

საქართველოს რესპუბლიკის 100 წელმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ისტორიაში.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ შექმნილ ვირტუალურ გამოფენაში წარმოდგენილია, თუ როგორ შეიქმნა სახელმწიფოებრიობის მთავარი იდეა - საქართველოს სახელმწიფო გერბი, ვინ იყო მისი პირველი ავტორი და როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი სრულყოფილი სახით და დადგინდა; საქართველოს სახელმწიფო დროშის შექმნა, მისი გაუქმება და ხელახლა აღდგენა დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად; საბოლოოდ, ისტორიული მრავალსაუკუნოვანი დროშის მიკვლევა დასავლეთ ევროპის წიგნსაცავებში და მისი დადგენა სახელმწიფოებრიობის მთავარ ეროვნულ სიმბოლოდ.

სახელმწიფო ჰიმნი, ასევე სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი სიმბოლოები, მუნიციპალიტეტების გერბები, სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო დროშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ვირტუალური გამოფენა",  სადაც წარმოდგენილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მასალები: სახელმწიფო სიმბოლოების ესკიზები, კანონები, ისტორიული საზღვაო რუკები და ატლასები, პარლამენტის დადგენილებები, ყველაფერი, რაც სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის და ჰერალდიკური მემკვიდრეობის შესახებ.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი ონლაინგამოფენა შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების ორგანიზების განყოფილების უფროსის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის ქალბატონ რუსუდან ასათიანის ხელშეწყობით.