6 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის, მწერალთა სახლისა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა „მწერალი მოლბერტთან“ გაიხსნა. ღონისძიება ეძღვნება
„ცისფერყანწელთა“ მიერ დაარსებულ პოეზიის დღეს, 7 მაისს.
გამოფენა ღონისძიების ორგანიზატორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების თანამშრომელმა ნინო გედენიძემ გახსნა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ და პოეტმა მანონ ბულისკერიამ.
ნებისმიერ ადამიანში იმალება დაფარული ნიჭი. ეს გამოფენა ამგვარი ნიჭის გამოვლენას ემსახურება“, - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
პროექტი ქართული კულტურის ორი სფეროს - ლიტერატურისა და მხატვრობის - სიტყვისა და ფერის, ტექსტისა და ხაზის ერთიანობას ასახავს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 60-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის მიერ შექმნილი ტილოები, ესკიზები, ჩანახატები. დამთვალიერებელი ბევრ მისთვის კარგად ცნობილ და საყვარელ ავტორს ამ კუთხით პირველად დაინახავს.
ლიტერატურის მუზეუმში მოძიებული გაციფრებული მასალები, თავად ავტორების მიერ ილუსტრირებული გამოცემები და სხვადასხვა თაობის; მწერლების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები საინტერესოა ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის.
7 მაისს 13:00-დან 15:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გამოფენის ფონზე გაიმართება შეხვედრა მწერალ და ილუსტრატორ გურამ ოდიშარიასთან.
8 მაისს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გამოფენის ფონზე ლელა კოტორაშვილის მკითხველთა კლუბის წევრები შეხვდებიან ახალგაზრდა პოეტ და მხატვარ მანონ ბულისკერიას, ასევე მწერალ-ილუსტრატორების წყვილს, ზაზა აბზიანიძესა და ოლესია თავაძეს.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. გამოფენა დაიხურება 8 მაისს 20:00 საათზე.

