აფხაზი ემიგრანტების არქივები ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაიდებს ბინას
 08/02/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძესა და მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო გასული საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში წასული აფხაზი თავადების არქივების საქართველოში ჩამოტანის საკითხს.

კონსტანტინე გამსახურდიამ აფხაზი ემიგრანტების არქივების საქართველოში ჩამოტანის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა და პროექტს სრულად დაუჭირა მხარი.

„ემიგრაციაში მცხოვრები აფხაზი თავადების არქივების საქართველოში ჩამოტანა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში შენახვა, დამუშავება და შესწავლა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქმეა ჩვენი ისტორიისთვის და თუნდაც იმის გასარკვევად, თუ რა დამოკიდებულბა ჰქონდათ ამ ადამიანებს ქართული სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

არქივების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუწყობს ხელს ამ პროექტის განხორციელება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენას, ისტორიული კავშირების დადგენას.

განხილული იყო  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების მემორიალური დარბაზის გახსნის საკითხი,  სადაც განთავსდება  სამუშაო ჯგუფის  მიერ ესპანეთიდან ჩამოტანილი ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივი - დოკუმენტები, ფოტოები, პირადი ნივთები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ამ თემაზე სამენოვანი წიგნების ერთობლივად გამოცემას.  

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა რამდენიმე ხნის წინათ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი ესპანეთში უკვე განხორციელდა. შედეგად საქართველოს დაუბრუნდა აფხაზი თავადების, ჩხოტუოების უნიკალური და უძვირფასესი არქივი. საარქივო მასალებმა ეროვნულ ბიბლითეკაში დაიდო ბინა.  

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.