1803 წელს გამოცემული ალბომის რესტავრაცია დასრულდა
 21/06/2023

„ყვავილთა სამეფო: ბუნებისგან ბოძებული ყოველგვარი ფაქიზი მშვენიერებითა და ფერთა სიმრავლით წარმოდგენილი" - 1803 წელს გერმანიაში, ნიურბერგში გამოცემული ეს ალბომი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში კვლევის შედეგად რამდენიმე ხნის წინათ აღმოჩნდა და ახლა იშვიათ გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ალბომის რესტავრაცია ახლახან დაასრულა.

ალბომი უნიკალურია როგორც გამოცემის თარიღის და შინაარსის, ისე პოლიგრაფიული მახასიათებლების თვალსაზრისით. ეს არის მაღალი ხარისხის ფერადი ილუსტრაციებით წიგნის გაფორმების ერთ-ერთი ადრეული მცდელობა მსოფლიო პოლიგრაფიის ისტორიაში.  

ილუსტრაციები (რგორც გამოსახულება, ისე ფერები) იმ პერიოდის პოლიგრაფიული შესაძლებლობების სრულად გამოყენებით, უმაღლესი ხარისხით არის  შესრულებული. გუტენბერგის ეპოქიდან მოყოლებული, წიგნის ბეჭდვისა და გაფორმების ისტორია ილუსტრაციების ბეჭდვის არაერთ მეთოდს იცნობს. ამდენად, კონკრეტულად ამ გამოცემის შემთხვევაში გამოყენებული ილუსტრაციების ბეჭდვის მეთოდი შემდგომი კვლევისა და შესწავლის საგანია. ალბომი სწორედ ამიტომაცაა უნიკალური და საინტერესო. მანამდე კი გამოცემას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსმა ნატალია ელიზბარაშვილმა მოგვაწოდა: „ალბომს ჰქონდა შედგენილი გარეკანი - ყუა და ყდის ოთხივე კუთხე ტყავით იყო დაფარული, ფრთებს კი ქაღალდი ჰქონდა გადაკრული მარმარილოს ეფექტით. ტყავი დავაძველეთ და დაზიანებული ყუა და ტყავის კიდეები ამ მასალით განვაახლეთ. დაშლილი იყო წიგნის ბლოკიც, რაც ასევე აღვადგინეთ. გამოცემის ფურცლებსაც დასჭირდა რესტავრაცია, რაც განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ილუსტრაციების ბეჭდვის მეთოდი უცნობი იყო, თუმცა ამ ამოცანასაც წარმატებით გავართვით თავი. გამოცემას ასევე აქვს განსაკუთრებული ფორზაცი - ის ინდივიდუალური და უნიკალურია, სპეციალურად ამ ალბომისთვის დამზადებული. ბოლო გვერდს ერთ-ერთი მათგანი აკლდა. შევეცადეთ მსგავსი ფორზაცი დაგვემზადებინა და ეს ნაწილიც აღვადგინეთ. დღეს ალბომი ყველა სტანდარტის დაცვით, სრულად არის რესტავრირებული და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა საცავში ინახება".