30 აპრილი საქართველოში ბიბლიოთეკარის დღეა. პროფესიულ დღესასწაულს, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება, ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველ წელს უძღვნის ღონისძიებას.
საგამოფენო დარბაზში გამართულ წლევანდელ ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და რეგიონული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღე და მადლობა გითხრათ იმ შეუფასებელი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით. ბიბლიოთეკარი მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის მისია - კულტურის, განათლებისა და ეროვნული მეხსიერების დაცვა. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია უსასრულო სიჩქარით ვრცელდება, ბიბლიოთეკარი არის გზამკვლევი, რომელიც გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, სიღრმე ზედაპირულობისგან, ცოდნა ხმაურისგან. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ცოდნას ანიჭებენ ფორმას, წესრიგს და ღირებულებას. დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას, ხშირად ისმის კითხვა - რა არის ბიბლიოთეკის და ბიბლიოთეკარის როლი ციფრულ ეპოქაში? პასუხი მარტივია: ეს როლი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ბიბლიოთეკა აღარ არის მხოლოდ წიგნების საცავი - ის არის სივრცე დიალოგისთვის, განათლებისთვის, ინოვაციისთვის. ბიბლიოთეკარი კი არის არა მხოლოდ ინფორმაციის მცველი, არამედ მისი ინტერპრეტატორი, მენტორი და საზოგადოებრივი განვითარების აქტიური მონაწილე. სწორედ ამ მაღალი მისიის გამო, ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს შრომას და ერთგულებას", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. „მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ბიბლიოთეკარების მიმართ. ვიცით, რომ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებში, რაზეც აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა მან.
„დღეს ბიბლიოთეკარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა - პროფესიული დღესასწაულია ადამიანებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ. ვიცით, რომ საბიბლიოთეკო სფეროში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდება. საჭიროა ბიბლიოთეკების თანამედროვე მულტიფუნქციურ ცენტრებად გარდაქმნა", - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი.
საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები: ნანა მაჭავარიანი, ლამარა ქველიძე, ლია უჯმაჯურიძე და ნელი ინასარიძე; ასევე რეგიონული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები: ანა იორდანიშვილი, თეა ალიბეგაშვილი და დემეტრე ჩხუტიაშვილი.