საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორის, მაია სიმონიშვილის დიდი ძალისხმევით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურა შეემატა.


65 ყუთში განთავსებული რამდენიმე ასეული წიგნი, ძირითადად ინგლისურენოვანი ლიტერატურა, უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილებაშია. წიგნების გამოსამგზავრებლად გამზადებაზე იზრუნეს და ტვირთის საქართველოში ჩამოტანა სრულად დააფინანსეს ამერიკელმა ემიგრანტებმა, პოლ და ჩანსი როძიენკოებმა. ფუნდამენტური შრომები, სხვადასხვა დარგის კვლევები, ისტორიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, სამოგზაურო ლიტერატურის განვითარების შესახებ გამოცემები, რომლებიც აქამდე ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი სკინერის კოლექციის ბაზაზე სამოგზაური ლიტერატურის კუთხის მოწყობასაც გეგმავს. ამ უაღრესად საინტერესო ბიბლიოთეკას წლების განმავლობაში ქმნიდა ამერიკაში მცხოვრები ბრიტანელი პუბლიცისტი და ისტორიკოსი პიტერ სკინერი, რომელმაც საქართველოში პირველად 2007 წელს იმოგზაურა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. 2013 წელს მან საქართველოს ისტორიის შესახებ წიგნიც დაწერა - „საქართველო - ქვეყანა კავკასიონის ქვეშ". 2024 წელს სკინერმა ქართველოლოგიური ლიტერატურა გამოუგზავნა ეროვნულ ბიბლიოთეკას, რამდენიმე დღის წინ კი მისი ბიბლიოთეკა მთლიანად გადმოგვეცა საჩუქრად.