EURODRAM ევროპული პიესების მონაცემთა ბაზა ქართველი მკითხველებისთვის
 05/12/2023

ამა წლის ნოემბერში, ბერლინში, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში ჩატარდა Eurodram-ის, ევროპის დრამის გაერთიანების წევრთა შეკრება. ევროდრამის გაერთიანება ევროპის დრამატურგთა მონაცემთა ბაზებს აერთიანებსდა მისი მიზანი თანამედროვე ევროპული პიესების გაცვლითი პროექტების ხელშეწყობა და მათი თეატრის მოყვარულებისთვის გაცნობა გახლავთ.  რამდენიმე წელია, ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების ბაზა ყოველწლიურად ახლდება და არსებული თარგმანები ევროპელი სცენის მოყვარულებისთვის ცნობილია. 

 

 

ევროდრამის შექმნის იდეის ავტორია ფრანგი დრამატურგი, დომენიკ დოლმიე, რომელიც ქართული დრამატურგიის შესახებ წიგნის „ენების მთა, კავკასიის თეატრალური მწერლობის ანთოლოგია" ავტორია. 

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი,  ევროდრამის ქართული კომიტეტის წევრი, მაია სიმონიშვილი.  წლიური სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა მომავალი თანამშრომლობის განვითარებას, ევროდრამის პიესების მონაცემთა ბაზების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში გაერთიანებასა და მომავალი პროექტების ხელშეწყობას.

 

კონფერენციის მასპინძელი იყო ევროდრამის გერმანული კომიტეტი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პატარა ქვეყნების შემოქმედების წარმოჩენას.   შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა თეატრ „ანტრაქტის" საინტერესო წარმოდგენა ქურთ ემიგრანტ მსახიობთა მონაწილეობით.  ახლო მომავალში, თანამშრომლობის ფარგლებში,  საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დრამატურგების ორენოვანი (უკრაინული და ქართული)  კრებულის გამოცემა მზადდება.