იფლას ევროპის რეგიონის ბიბლიოთეკების შეხვედრა სტამბულში
 16/05/2025

12-14 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.  კონფერენცია სტამბულის საერთაშორისო უნივერიტეტში, MEF-ში ჩატარდა და მას ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებისა და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დასაწყისში, სტუმრებს საერთაშორისო უნივერსიტეტის MEF-ის რექტორი, მაჰმუდ საჰინი დაგხვდა, რომელმაც სასწავლებლის სიახლეები გაგვაცნო.  იგი ევროპის საინჟინრო განათლებისა და კვლევების გაერთიანების ერთადერთი თურქი წარმომადგენელია დღემდე. MEF უნივერსიტეტში სწავლება უახლესი მეთოდებით ტარდება, მისი კურსები საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე განთავსებულია, ხოლო კონსტულტანტი ბრიტანელი ექსპერტები გახლავთ. სასწავლო სისტემა დემოკრატიული და პროევროპული მიმართულებით გამოირჩევა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია ინტეგრირებული.  კონფერენეციის ორგანიზატორი  გახლდათ ამავე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ერთუგრულ ციმენი, რომელიც ამავდროულად, ევროპის კომიტეტის არჩეული ხელმძღვანელია.

   

იფლას ევროპის რეგიონის კომიტეტის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთკების როლი დემოკრატიის განვითარებაში და ევროპის ბიბლიოთეკების პროფესიული განვითარების სიახელეები. იფლას პრეზიდენტმა, შერონ მემისმა მონაწილეებს იფლას ისტორიისა და განვითარების შესახებ უამბო, აგრეთვე, გაიხსენა ის ბიბლიოთეკარები რომლებმაც პოლიტიკური კრიზისების პერიოდში მნიშვნელოვანი როლი  შეასრულეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და  საზოგადოების განვითარებაში. მენეჯმენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლოიდა გარსია ფებომ ისაუბრა ამერიკაში მიმდინარე საბიბლითეკო პროცესებზე და მკითხველთა ჩართულობაზე დემოკრატიის განვითარების საკითხებში. საინტერესო იყო  თურქეთის საბიბლიოთეკო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ეროლ გოკდუმანის გამოსვლა, რომელმაც ასოციაციის მუშაობა გაგვაცნო, ასოციაცია 1949 წლიდან არსებობს და ბიბლიოთეკარებს შრომის პირობების დაცვაში ეხმარება. იგი ეროვნული ბიბლიოთეკის დამაარსებელმა, ადნანდ იოთუქენმა დაარსა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიბლიოთეკართა დაცვის საქმეში.  საინტერესო იყო მექსიკიდან იფლას ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სიტყვის თავისუფლების  კომიტეტის, ჯონათან ჰერნანდეს პერესის ჩართვა, რომელმაც ქვეყნებში არსებულ საბიბლითეკო გამოწვევებზე ისაუბრა. იგი კომიტეტის წევრებთან  ერთად,  რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ტორონტოში, კანადაში, სადაც იორკის უნივერსიტეტში ინფორმაციის ინტეგრირების კონფერენციას ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის წევრი ჩვენც ვართ და მიწვეულებიც ვიყავით, თუმცა, ამჯერად თურქეთის შეხვედრას დავესწარით. ბატონი პერესის განცხადებით, ტორონტოს შეხვედრას 21 ექპსერტი ესწრებოდა და მისი თემა ბიბლითეკების მხრიდან სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დაგეგმვა, კრიტიკული აზროვნებისა და მედია წიგნიერების განვითარება, აგრეთვე კანადის ბიბლიოთეკების სიახლეები  გახლდათ.  იფლას საჯარო ბიბლიოთეკების კომიტეტის წარმომადგენელი, ავსტრალიის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ჯეინ ქოუელმა ისაუბრა ბიბლიოთეკების როლზე დემოკრატიული სწავლების მეთოდებში, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრესტიჟული გაერთიანების ხელმძღვანელმა და ბაზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეით რობინსონმა პროფესიული განვითარების სიახლეებზე ისაუბრა.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, მაია სიმონიშვილი, რომელმაც  წარმოადგინა ევროპის რეგიონის 89 ბიბლიოთეკის გამოკითხვის შედეგები,  კვლევა, რომელიც პროფესიული განვითარების მოთხოვნების დადგენისთვის ჩავატარეთ და რომლის შედეგებს ახლო მომავლში ვრცლად გაგაცნობთ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის სხვადასხვა რეგიონის კომიტეტების საერთო შეხვედრა, სადაც მოსაუბრეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები ფედერაციის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის თაობაზე. კონფერენციის საზეიმო დახურვა სტამბულის უდიდეს ისტორიულ ბიბლიოთეკაში, რამის ბიბლიოთეკაში ჩატარდა, რომელზეც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,   მერვე იაუზდემირმა  თურქეთის ბიბლიოთეკების მუშაობა და დანერგილი სიახლეები გაგვაცნო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის შემდეგ, თურქეთში 18 ახალი, სხვადასხვა შინააარსის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რაც მიწისძვრის დროს დანგრეულ ბიბლიოთეკების რაოდენობაზე ორჯერ მეტია და რომლებშიც ტექნოლოგიური სიახლეები დაინერგა. მთლიანად, თურქეთის ბიბლიოთეკებში , 25 მილიონი საბიბლიოთეკო ეგზემპლარი ინახება,  ღონისძიებებში 39 მილიონამდე მოქალაქე  მონაწილეობს, ხოლო  რეგისტრირებული მკითხველების რიცხვი ბოლო 5 წელიწადში 2 მილიონით გაიზარდა.

კონფერენციის დასკვნითი დღე მართლაც საინტერესო იყო, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სტამბულის ისტორიულ და ულამაზეს, რამის ბიბლიოთეკაში გაიმართა. პირველი მსოფლიო ომის დროს, უზარმაზარი პარკის გარშემო, გარნიზონი იყო გათავსებული, რომელსაც რამის ბარაკები ეწოდებოდა. 250 წლის შემდეგ, ბიბლიოთეკის შუაში მდებარე დიდი პარკი შენარჩუნებულია, ხოლო უძველესი შენობები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით აღდგა. დღეს ბიბლიოთეკაში ხელნაწერების უდიდესი არქივია. ბიბლიოთეკას დღეში 4 000 დამთვალიერებელი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.