დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის ვიზიტი
 15/06/2026

15 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას „დანტე ალიგიერის საზოგადოების" გენერალური მდივანი, ცნობილი პროფესორი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ხელოვნების ექსპერტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ალესანდრო მაზი ესტუმრა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.

ვიზიტი „დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის" (დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე) 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა.

სტუმრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის" პირველი პოეტური თარგმანის ავტორის, ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ინფორმაციის მიღება და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ერთადერთი ინკუნაბულას - 1481 წელს დაბეჭდილი დანტეს პოემის ნახვა. ამ უნიკალური იტალიურენოვანი, სანდრო ბოტიჩელის სამი ილუსტრაციით გაფორმებული გამოცემის დათვალიერების შემდეგ სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი იშვიათი გამოცემების კოლექცია ნახა. მათ შორის იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი.

ალესანდრო მაზის ყურადღება მიიქცია იტალიურ ენაზე თარგმნილმა „ვეფხისტყაოსნებმა", პროფესორ ნინო ცერცვაძის მიერ გამოცემულმა „იტალიურ-ქართულმა" ლექსიკონმა, კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანმა.

„საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვინახავთ იშვიათ გამოცემებს, არქივებს, ფოტოებს, ისტორიულ დოკუმენტებს, წიგნების უნიკალურ კოლექციებს. დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის" 1481 წლის უნიკალური გამოცემა არის ერთადერთი ინკუნაბულა (გუტენბერგის ეპოქაში გამოცემული წიგნი), რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება. ეს პოემა არა მხოლოდ იტალიური ლიტერატურის შედევრია, არამედ ევროპული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ადამიანის წარმოდგენები სამართალსა და უსამართლობაზე, ცოდვასა და გამოსყიდვაზე, ისტორიასა და მიღმურ, საიქიო ცხოვრებაზე. ამ პოემის პირველი პოეტური თარგმანი ქართველ კლასიკოს მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის. ქართულ ენაზე გვაქვს კიდევ ორი პოეტური თარგმანი. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ მდებარე სკვერი არის ასევე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც დანტეს ბიუსტია განთავსებული", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ სტუმართან შეხვედრისას.

ალესანდრო მაზიმ იტალიური ლიტერატურის დაცვასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას დანტე ალიგიერის საზოგადოების სპეციალური სიგელი გადასცა.

ალესანდრო მაზიმ დანტე ალიგიერის ბიუსტი ყვავილებით შეამკო.