სამი სიახლე ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმისგან
 14/02/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმმა ყარაჯალარის აზერბაიჯანულ სკოლას ქართული ბიბლიოთეკა მოუწყო. თელავში კი თელავის ისტორიულ მუზეუმსა და სამუზეუმო და საარქივო კვლევისა და მოდერნიზაციის ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა.

"სამი ამბავი მაქვს. სამივე კარგი. ჯერ გარდაბანს, სოფელ ყარაჯალარის სკოლას ვესტუმრეთ, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი პატარა მოქალაქეები სწავლობენ და ახალი ქართულენოვანი წიგნების ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენს მოძრაობას ახალი პარტნიორი ჰყავს, ტაქსების კომპანია ,,ბოლტი'' - ყარაჯალარის სკოლას სწორედ მათი მეშვეობით დავეხმარეთ. ამის შემდეგ თელავისკენ გავეშურეთ და ეს არის მესამე კარგი ამბავი: ეროვნულ ბიბლიოთეკას, თელავის ისტორიულ მუზეუმსა და სამუზეუმო და საარქივო კვლევისა და მოდერნიზაციის ცენტრს შორის (რომელსაც ჩვენი მეგობარი ლუარსაბ ტოგონიძე ხელმძღვანელობს) მემორანდუმი გაფორმდა - ციფრული ფოტომატიანესთვის გავაციფრებთ ათასობით ისტორიულ ფოტონეგატივს" - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.