ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა - ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე)
 26/06/2019

ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი მკითხველს ახალ გამოცემას სთავაზობს, რომელიც 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს - ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს, ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს) ეძღვნება. წიგნი გამოვიდა ისტორიის დოქტორ როზეტა გუჯეჯიანის, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ხელმძღვანელის გიორგი ირემაძისა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ეთნოლოგიის დოქტორ მირიან ხოსიტაშვილის ავტორობით.

წიგნი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში აღწერილია ჰაირი ჰაირიოღლუს ცხოვრების გზა, მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე და ის გარემო, რომელშიც ჰაირი დაიბადა, გაიზარდა და მოღვაწეობდა; აგრეთვე, მისი ურთიერთობა ახმეთ მელაშვილთან, საქართველოსთან და ქართულ-ევროპულ ემიგრაციასთან. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ჰაირის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და თარგმანები როგორც თურქულიდან ქართულ, ასევე ქართულიდან თურქულ ენაზე.

წიგნი შედგენილია ჰაირი ჰაირიოღლუს პირად არქივზე დაყრდნობით. არქივი, ოჯახის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. წიგნის ელექტრონილი ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.nplg.gov.ge

გამოცემის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში თურქეთსა და საქართველოში იგეგმება.