ალბომი „მწვანე ქალაქი“ (Green City) - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 10/03/2022

„მწვანე ქალაქი" (Green City) - ასე ჰქვია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფონდ „განვითარება და გარემოს" მიერ გამოცემულ ალბომს, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ზოგადად, ქალაქების გამწვანების საკითხებს ეხება.

9 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, გამოცემის ერთ-ერთმა შემდგენელმა მირიან ხოსიტაშვილმა გახსნა.

ისტორიულად როგორი იყო თბილისის გამწვანება, დედაქალაქში ბაღების განლაგება, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ვითარება - სწორედ ეს საკითხებია განხილული ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილ ალბომში.  

გამოცემის შემდგენლები: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ანა ბარბაქაძე. სარედაქციო კოლეგია: თემურ ტყემალაძე, გოჩა კობერიძე. რედაქტორი კატო ჯავახიშვილი.

„ჩვენი ნაშრომის მიზანია, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ თბილისის ბაღებისა და სკვერების ისტორია და საკითხის უკეთ აღსაქმელად, მოვუყვეთ დღევანდელ ვითარებაზე. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია სამომავლო პერსპექტივები თბილისის მწვანე ქალაქად ქცევის თვალსაზრისით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობისთვის", - ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ალბომის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ერთ-ერთი შემდგენელი მირიან ხოსიტაშვილი.