ლაიბციგის ციხის ქართველ პატიმრებს „ეკვილიბრიუმმა“ წიგნები გაუგზავნა
 25/03/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა" გერმანიის ქალაქ ლაიბციგის ციხის საავადმყოფოს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები (უახლესი ლიტერატურა) გაუგზავნა. წიგნები უკვე ადგილზეა.

ლაიბციგის ციხის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების შეტანა ციხის ქართველმა პატიმრებმა მოითხოვეს და ამის შესახებ გერმანულ პრესაში განაცხადეს. განცხადებას გამოეხმაურა გერმანიაში მცხოვრები ქართველი რუსუდან ფირცხალაიშვილი. ის დაუკავშირდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს თხოვნით, რომ დახმარებოდა გერმანიაში მყოფ ქართველ პატიმრებს.

მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა" წიგნები მაშინვე გააგზავნა გერმანიაში. როგორც რუსუდან ფირცხალაიშვილმა გვაცნობა, წიგნები უკვე ლაიბციგის ციხის ბიბლიოთეკაშია და ქართველ პატიმრებს შეუძლიათ ისარგებლონ. ქალბატონი რუსუდანი მადლობას უხდის ეროვნულ ბიბლიოთეკას და გიორგი კეკელიძეს დახმარებისთვის.