წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია სტამბოლში
 11/12/2018

7 დეკემბერს სტამბოლში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დახმარებითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით გაიმართა წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია.

წიგნი თურქულად თარგმნა და ქართულ და თურქულ ენაზე გამოსცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ასევე სტამბოლში მცხოვრები აფხაზური და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სტამბოლში მცხოვრები აფხაზური და ქართული დიასპორის წარმომადგენლების როლზე აფხაზურ-ქართული ურთიერთობების აღდგენაში.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით განხორციელებულ პროექტებზე: აფხაზური კუთხის გახსნაზე, აფხაზური ლიტერატურის გაციფრებაზე, აფხაზური ლექსიკონის გამოცემაზე და ა. შ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებას.

ღონისძიებაზე აფხაზური და ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლთან არსებული ანსამბლის წევრებმა, რომელთა შორის იყვნენ აფხაზებიც და ქართველებიც.

დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.