30 ნოემბერს თბილისის საკრებულოში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თბილისური რეტროსპექტივა" წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
კრებულის შესახებ ისაუბრეს ავტორებმა, „სითი ინსტიტუტი საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, ასევე ალბომის რედაქტორმა მარიკა დარჩიამ, ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ და სხვება.
წინამდებარე ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომი უნიკალური გამოცემაა, რადგან მასში თავი მოიყარა დოკუმენტებმა, რომლებიც კლასიფიცირებული და სისტემატიზებული სახით პირველად არის წარმოდგენილი. გამოცემა მოიცავს რუკებს, ქალაქის გეგმებს, ფოტოებს, ნახატებს და სხვა მასალებს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის ფონდებიდან.
ალბომი „თბილისური რეტროსპექტივა" ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. ის საინტერესო გამოცემაა როგორც მკვლევრების, სტუდენტების, ისე თბილისის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის.