საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა. ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ორდენებისა და მემორიალური ნივთების გამოფენა აფხაზი თავადების, ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივიდან. არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში ინახება.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ეროვნული მეხსიერების სადარაჯოზე - აქ, ამ წმინდა სივრცეში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის ცოცხალი მოწმეები ვხდებით. გასულ წელს და ახლაც მივიღეთ არა მხოლოდ არქივი, არა მხოლოდ ნივთები და დოკუმენტები - მივიღეთ რელიქვიები, რომელიც აერთიანებს წარსულსა და მომავალს, ემიგრაციაში დიდი ღირსებით ნატარებ ტკივილსა და დიდ სიყვარულს, რომელიც მავთულხლართებსა და საოკუპაციო ხაზებს არ ექვემდებარება. ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივი - ეს არის ქართული სულის დღიური. მათი წერილები, ფოტოები, დოკუმენტები, მოგონებები - ეს ყველაფერი გვახსენებს იმ ხალხს, ვინც დედასამშობლოსგან შორს იყო, მაგრამ თავისი ფიქრი და შემოქმედება მუდამ საქართველოში ჰქონდა დაბინავებული. ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი წარსულის გმირები, ჩვენი იდენტობის გამზრდელები - ისინი, ვინც თავის საქმეში, ფურცელსა და ფოტოზე ჩაბეჭდეს ქართული სულის უკვდავება. მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა - თქვენმა გადაწყვეტილებამ, ბატონო მინისტრო, ახალი სიცოცხლე შთაბერა ამ მემკვიდრეობას. დღეს ჩვენ არ ვიმყოფებით უბრალოდ კულტურულ ღონისძიებაზე - დღეს ვწერთ ერთგვარ აღთქმას, რომ ამ მემკვიდრეობას არასდროს დავკარგავთ, დავიცავთ ყველგან - თბილისშიც, სოხუმშიც და ემიგრაციის ყველაზე შორეულ წერტილშიც. ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც მხოლოდ დოკუმენტი კი არ არის, არამედ ურთიერთგაგების, ერთგულებისა და ისტორიის წინაშე ვალდებულების აქტია. ეს თანამშრომლობა იქნება ხიდი იმ ტერიტორიებსა და ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს გაყოფილნი არიან, მაგრამ საერთო კულტურასა და ერთიან იდენტობაში კვლავ ერთად არსებობენ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ამ არქივს არა მხოლოდ შეინახავს, არამედ გააცოცხლებს - მომავალი თაობებისთვის გახდის ხელმისაწვდომს, რათა მათ იცოდნენ, ვინ იყვნენ ჩხოტუები, რას წარმოადგენდა მათი ხმა და რატომ არ კნინდება ქართველის გული მაშინაც კი, როცა ის სამშობლოსგან შორს ცხოვრობს. ეს დღე არის გამარჯვება - არა მხოლოდ ისტორიული, არამედ სულიერი. გმადლობთ და დიდება ჩვენს კულტურას, მეხსიერებას და ერთიან საქართველოს!
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ამ არქივის გადმოცემა და დაცვა უმნიშვნელოვანეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს აფხაზურ-ქართული ურთიერთობებისთვის. ეს არის ისტორიისა და კულტურის ერთობლივი ძაფი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს: რაც უნდა რთული იყოს პოლიტიკა, კულტურა არ ივიწყებს ადამიანებს. არქივში დაცული მასალა ახსენებს ორივე მხარეს, ჩვენ ყველას, რომ ჩვენი საერთო წარსული არსებობს, რომ იყო შარვაშიძეების, ემხვარების, მარშანიების, ჩხოტუების და მათი მიმდევრების ეპოქა, როცა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ერთობა, თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა იყო ნორმა და არა გამონაკლისი. ამ დღით ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ შევინარჩუნოთ და გავუზიაროთ აფხაზურ საზოგადოებას ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ორივეს გვეკუთვნის. ეს არქივი სწორედ ასეთი კულტურული ხიდია, რომელიც ვერ დაანგრია ვერც ომმა, ვერც დრომ, ვერც რუკაზე ხელოვნურად გავლებულმა, და მადლობა ღმერთს, მსოფლიოს მიერ არაღიარებულმა საზღვრებმა.
Аҵара ҳмырӡӡом: Аԥсны - Қырҭтәыла иаҵанакуа ахәҭакуп! (არ დაგვავიწყდეს: აფხაზეთი - საქართველოს განუყოფელი ნაწილია!)" , - ასე მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას კონსტანტინე გამსახურდიამ.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა მომავალ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ერთობლივი გამოცემების მომზადებასა და აფხაზი თავადების არქივების დამუშავებაზე ისაუბრა.