ახალქალაქის ექვს სოფელს ქართული ბიბლიოთეკები აქვს
 22/07/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი წიგნადი ფონდის განახლებას, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ბიბლიოთეკები საერთოდ არ არის, ახალი ბიბლიოთეკების მოწყობას. ამჯერად ახალქალაქის ექვს სოფელში: აბულში, თახჩში, ბუზავეთში, აზმანაში, აფნიაში, გოგაშენში  ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო.

„ეს არის ახლა ჩემი მთავარი ვნება და საქმეც: განათლების გავრცელება. ვივლით ყველგან, მთაში და ბარში, უშორეს სოფლებში, სკოლებში, სადაც ორი მოსწავლე ჰყავთ. ვივლით მტკიცედ. აი, აქ, ამავე გვერდზე ათასზე მეტი სოფლის მოვლის ამბავი იყო - შემოვიდნენ ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები და გაანადგურეს. ამბები გაანადგურეს, ბიბლიოთეკები ვერა. ჰოდა, ისევ ვიწყებთ ამბების თხრობას. ამჯერად ჯავახეთი. ახალქალაქის ორ სკოლაში და ექვს სოფელში ბოლო ხუთ დღეში ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ - აბული, თახჩი, ბუზავეთი, აზმანა, აფნია, გოგაშენი", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.