გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გურამ თაყნიაშვილი
 23/03/2020

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი ბატონი გურამ თაყნიაშვილი.

განუზომელია ბატონი გურამის დამსახურება საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისა და სპეციალისტების აღზრდის საქმეში. ბატონმა გურამმა ბიბლოთეკარების მთელი თაობა აღზარდა. პრაქტიკულად, არ არსებობს საქართველოს არცერთი ბიბლიოთეკა, სადაც მას არ იცნობდნენ და პატივს არ სცემდნენ. ბატონი გურამი ხელმძღვანელობდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალის „საქართველოს ბიბლიოთეკა" გამოცემას. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ბიბლიოთეკების ცხოვრებაში, უწევდა კონსულტაციებს კოლეგებს და დაუღალავად იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისა და ბიბლიოთეკარის პროფესიის პოპულარიზაციისთვის.

ბატონი გურამი განეკუთვნებოდა იმ იშვიათი ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც საკუთარი მოწოდება და ვნება ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინეს. ბატონი გურამი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ამ მოწოდებას და კოლეგებს, საქართველოს საბიბლიოთეკო საზოგადოებას, საკუთარი საქმიანობით მოგვცა მოქალაქეობის, პროფესიისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი თანამშრომლის, გურამ თაყნიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.