გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი მედეა პაიკიძე
 08/09/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაკარგა ერუდიციით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და დამოკიდებულებით გამორჩეული თანამშრომელი მედეა პაიკიძე. ქალბატონი მედეა რამდენიმე ათეული წელი ჩუმად, უხმაუროდ და ერთგულად ემსახურა საბიბლიოთეკო საქმეს.

თავის ერთგულ თანამშრომელს ასე იხსენებს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი: „ქალბატონი მედეა კლასიფიკაციის განყოფილების თანამშრომელი იყო. ამ განყოფილებაში მომუშავე ადამიანები ყველაზე დიდი ინტელექტითა და ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილნი. ერთ-ერთი მათგანი იყო მედეა პაიკიძე - ჩუმი და ყოველმხრივ უკონფლიქტო პიროვნება. 22 წელი ვიმუშავეთ ერთად. არასოდეს დამავიწყდება მისი ირონიული ღიმილი, როცა მე ვამბობდი, რომ ჩვენ ელექტრონულ კატალოგში შევიტანთ წელიწადში მილიონ ჩანაწერს! ასეა, დავმარცხდით! დავკარგეთ ყველაზე ერუდიტი თანამშრომელი! მხოლოდ თანამშრომელი არა! ჩუმი, გვერდით მდგომი, იმედის მომცემი მეგობარი! ბიბლიოთეკა ცრემლით აცილებს თავის საუკეთესო თანამშრომელს".