დანიელი სტუმრების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 07/07/2023

7 ივლისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ დანიის კულტურის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კამილა მორდჰორსტი და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების რეგიონული დირექტორი ჰენრიეტე ბორგ რეინჰოლდტი. ისინი შეხვდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ემზარ ჯგერენაიას.

ქართულმა მხარემ სტუმრებს გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკისა და რეგიონალური ბიბლიოთეკების საქმიანობა. მათ დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი.

დანიის კულტურის ინსტიტუტი 1940 წელს დაარსებული დამოუკიდებელი ინსტიტუციაა,  რომლის მიზანია კულტურის და ხელოვნების მეშვეობით ხალხთა შორის კავშირების ხელშეწყობა. იგი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში განათლების, თანაბარი უფლებების,  მდგრადი განვითარების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის საქართველოში.

ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თბილისში ვიზიტი ემსახურება ახალი იდეებისა და ინიციატივების მოძიებას, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებას.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დანიის კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანადგომით.