
3-5 ივნისს, ამსტერდამის საჯარო ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ ნავსადგურის თანამედროვე ფილიალში, რომელიც არქიტექტურული ინოვაციებით გამოირჩევა, ევროპის 60 ბიბლიოთეკიდან 220-ზე მეტი ბიბლიოთეკარი, საზოგადოების ორგანიზატორი, საბიბლიოთეკო პროექტების ავტორი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბა ღონისძიებაზე „ბიბლიოთეკები ევროპის გულში".ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევროპული კულტურული ფონდი, ხოლო კონფერენცია ეძღვნებოდა საკითხს, თუ როგორ ეხმარებიან ბიბლიოთეკები საზოგადოებებს ევროპის სოციალური, ციფრული და ეკოლოგიური ცვლილებების პირობებში, რა პროექტები ეხმარებათ მკითხველებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანსაღი გარემოს შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში. ღონისძიების ცენტრში იყვნენ პროგრამების „ევროპის გამოწვევა" და „მეგობრები" მონაწილეები. ეს ორი ინიციატივა ხელს უწყობს ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ნდობის გაძლიერებასა და საერთო გამოწვევებზე პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებას. „ევროპის გამოწვევის" გაცვლით სივრცეში მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ებრძვიან იზოლაციასა და ტრეფიკინგს, ხელს უწყობენ გარემოს გაჯანსაღებას, ნერგავენ ციფრულ უნარებს, სამოქალაქო ჩართულობასა და ზრდიან საზოგადოების მდგრადობას. სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან ჩამოსულ მონაწილეებს ერთმანეთის მსგავსი გამოწვევები აღმოაჩნდათ, რამაც გამოცდილებისა და იდეების აქტიური გაზიარება განაპირობა. ამასთანავე, ამსტერდამის სხვადასხვა უბანში გამართულმა საველე ვიზიტებმა მონაწილეებს გააცნო ინიციატივები, რომლებიც შემოქმედებითად პასუხობენ ადგილობრივი თემების საჭიროებებს.


მთელი პროგრამის განმავლობაში ერთი მთავარი გზავნილი მუდმივად ისმოდა: ბიბლიოთეკები მხოლოდ ინფორმაციის მიღების სივრცეები არ არის; ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრებია, სადაც ადამიანებს თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და დემოკრატიული ღირებულებების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. დემოკრატიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და საზოგადოების ჩართულობაზე გამართული დისკუსიები, აგრეთვე მომავალი ანგარიშის, „ევროპის გაძლიერება საჯარო ბიბლიოთეკების მეშვეობით", განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ბიბლიოთეკები სულ უფრო მეტად აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან ღონისძიებას ესწრებოდა ეროვნული ბიბლიოთეკისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის წარმომადგენელი მაია სიმონიშვილი. იგი არის პროგრამაში წარმოდგენილი პროექტის, „ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბიბლიოთეკარებისა და მკითხველებისთვის", ავტორი. პროექტი ითვალისწინებს ვებინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას რეგიონულ ბიბლიოთეკებში ხელოვნური ინტელექტის თემაზე. იგი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის, „განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის" (მარიამ გამეზარდაშვილი) მხარდაჭერით. დღემდე შეხვედრები უკვე გაიმართა თელავის, გორისა და თბილისის ბიბლიოთეკებში. ევროპის საბიბლიოთეკო პროგრამის მხარდამჭერები არიან ინგლისის ხელოვნების საბჭო, კარიპლოს ფონდი და შოტლანდიის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საბჭო.
სამი დღის განმავლობაში, ბიბლიოთეკები მართლაც ევროპის გულში იყო. იქ დაწყებული საუბრები გაგრძელდება იმ საზოგადოებებში, პარტნიორობებსა და ინიციატივებში, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ ქვეყნებსა და ქალაქებში თან მიაქვთ. მაია სიმონიშვილმა ამსტერდამის საჯარო ბიბლიოთეკას საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადასცა.
