პოეტმა, საბავშვო მწერალმა და მთარგმნელმა მარიამ წიკლაურმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გივი ჭიჭინაძის ხელნაწერი ლექსების კრებული გადასცა და ასეთი საინტერესო ამბავიც მოგვიყვა: „90-იან წლებში, როცა თბილისში სახელმწიფო გამომცემლობები არ მუშაობდნენ და კერძო გამომცემლობები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ, გივი ჭიჭინაძეს (1934-1999), რომელიც უკვე ავად იყო, წიგნის გამოცემა უნდოდა. ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა, ხელით დაეწერა, ილუსტრაციებით გაეფორმებინა, ნემსით და ძაფით აეკინძა და ასე შეექმნა პოეზიის კრებულები. ამ უნიკალურ ეგზემპლარებს კი შემდეგ მისი შემოქმედების მოყვარულებს ჩუქნიდა. ჩვენ 1997 წელს შევხვდით ერთმანეთს საბავშვო ჟურნალ „დილას" რედაქციაში. ბატონი გივი რედაქციასთან ახლოს, ვერაზე ცხოვრობდა და ფეხით ხშირად ჩამოდიოდა გამომცემლობაში. ასეთი ვიზიტებისას სამი ხელნაწერი კრებული (ორი საბავშვო და ერთიც მოზრდილთათვის) მეც მაჩუქა. თავის დროზე მისი ერთი ასეთი ხელნაწერი კრებული „დილამაც" გამოსცა. ეს იყო მისი ბოლო შემოქმედებითი სიხარული. ჩემი ეგზემპლარებიდან კი ერთ ხელნაწერ საბავშვო კრებულს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავცემ. ეს კრებული იშვიათი და უნიკალურია იმითაც, რომ ბატონი გივის მიერვეა რედაქტირებული, ანუ მასში შესული ლექსები ყველა სხვა, მანამდე დაბეჭდილი ვარიანტებისგან განსხვავებულია".