სერვანტესის, ცვაიგის, პირანდელოსა თუ სხვა დიდი მწერლების ნაწარმოებები, „ვეფხისტყაოსნის" ცნობილი გამოცემები, აკაკი წერეთლის საიუბიელო შვიდტომეული, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო კრებული - სულ 200-ზე მეტი გამოცემა, რომელთა დიზაინი, შრიფტი თუ წიგნის გაფორმების სხვა ელემენტები ბევრისთვის ნაცნობი და ძვირფასია, მხატვარ-გრაფიკოსის, საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას მიერ არის შექმნილი.
ლადო გრიგოლია არის ქართული წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული წიგნის გრაფიკული სრულყოფის საქმეს მიუძღვნა.
ახლახან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ლადო გრიგოლიას არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი - წიგნის ყდის, ყუის, შმუცტიტულის, ფორზაცისა თუ ილუსტრაციების, ასევე შრიფტების პლაკატებისა და აფიშების ავტორისეული ესკიზები. სულ 2000-მდე ექსპონატი.
ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ეს არქივი გამორჩეულად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართული შრიფტისა და წიგნის დიზაინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამჟამად არქივის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს.