13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ.
დოკუმენტს ხელი მოეწერა სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი გამოფენის ფონზე. წიგნის მუზეუმში გამოიფინა აფხაზი თავადის, ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას კუთვნილი ორდენები, ჯილდოები, სამკერდე ნიშნები.
ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრომლობა რამდენიმე ხნის წინათ დაიწყო. უწყებები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ ემიგრაციაში მცხოვრები აფხაზი მოღვაწეების უნიკალური და აქამდე უცნობი არქივების საქართველოში დაბრუნებას. საუბარია გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოდან ემიგრაციაში წასულ აფხაზებზე, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ უცხოეთში. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში უკვე ინახება აფხაზი თავადების, ჩხოტუების უძვირფასესი არქივი, რომელიც ახლახან საქართველოში ესპანეთიდან დაბრუნდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელმა რუსლან აბაშიძემ ორ უწყებას შორის თანამშრომლობისა და არქივების საქართველოში ჩამოტანის მნიშვნელობა შეაფასეს.
კონსტანტინე გამსახურდია: „ემიგრაციაში მცხოვრები აფხაზი თავადების არქივები ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებს ასახავს. ისტორია სავსეა მაგალითებით და სწორედ ასეთი მაგალითების დამტევია ეს არქივები, რომელთაც ჩვენ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გავხდით".
რუსლან აბაშიძე: „რომ არა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამონაწილეობა, რაც, თავისთავად, გულიხსმობს ჩხოტუების ოჯახური არქივის სათანადოდ დამუშავებას და განთავსებას ბიბლიოთეკის სივრცეში, ალბათ, გაგვიჭირდებოდა ამ ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მასალები საქართველოსთვის გადმოეცათ. ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ უწყებების თანამშრომლობას. არქივების საქართველოში დაბრუნება და შესწავლა ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას მოჰფენს ნათელს და საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქციასაც შეასრულებს".
ესპანეთიდან საქართველოში ჩამოტანილი ჩხოტუების არქივი კონსტანტინე გამსახურდიამ, რუსლან აბაშიძემ, გიორგი გაბედავამ და ლევან თაქთაქიშვილმა გახსნეს.