ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი პირველი დირექტორის, გიორგი გეხტმანის კაბინეტი გაიხსნა
 24/05/2023

24 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი პირველი დირექტორის, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საბიბლიოთეკო საქმის წახალისების მიზნით გიორგი გეხტმანის შთამომავლების, საქართველოს კულტურის აკადემიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკარები.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის პირველი ხელმძღვანელის, ლეგენდარული გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომელიც წარსულის პატივისცემას და დიდი ტრადიციის უწყვეტობის განცდას ემსახურება. სივრცე მეცნიერის შთამომავლებთან კონსულტაციით და მათი შემოწირულობებით მოეწყო. ასევე დაწესდა საბიბლიოთეკო ჯილდო - ,,გეხტმანი'' - რომელიც ყოველწლიურად სამ გამორჩეულ ბიბლიოთეკარს გადაეცემა. წლეულს - მადონა თოდრია, ნინო მუხაშავრია და ქეთი თომაძე დავაჯილდოეთ. დიდი ბიბლიოთეკარის ოჯახმა მოულოდნელად მეც დამაჯილდოვა საბიბლიოთეკო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა და მივიღებ ავანსად", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.