14 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (ლ. გუდიაშვილის ქ. N5) ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მაკა გურგენიძემ და სხვებმა.
ქართული დამწერლობის დარბაზის გახსნის ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის" უნიკალური ეგზემპლარები (მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ხელით ჩასწორებული „დედა ენა") იყო გამოფენილი.
გამოფენის პარალელურად დარბაზში სამგანზომილებიან (3D) ფორმატში წარმოდგენილი იყო ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე
მნახველთა ყურადღებას იპყრობდა დარბაზის დიზაინიც. ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული სივრცის იატაკის მოზაიკა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის იატაკის მოზაიკას იმეორებს. დარბაზს ასევე აქვს მოჩუქურთმებული ხის კარი ვახტანგ VI-ისა და ანთიმოზ ივერიელის გამოსახულებებით.
მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ახალ სივრცეში სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები დაიგეგმება.