ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩხოტუების კაბინეტი გაიხსნა
 27/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-6 კორპუსში ნიკოლოზ (ნიკი) და ჩარლზ (შალვა) ჩხოტუების კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებას ჩარლზ ჩხოტუას მეუღლე, შვილი და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავხსენით ნიკოლოზ (ნიკი) და ჩარლზ (შალვა) ჩხოტუების არქივი, რომელიც ახლახან გადმოგვეცა. ჩხოტუების ოჯახი მნიშვნელოვანია საქართველოსა და აფხაზეთისთვის. აფხაზეთი კი, როგორც ზვიად გამსახურდია იტყოდა, საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთს ქვია მეორე სახელი - ნისლიანი ალბიონი. ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივის საქართველოში ჩამოტანა მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან განსაკუთრებულია მათი მოღვაწეობა ევროპაში. ნიკოლოზ ჩხოტუასა და კეროლ მარმონის შვილი ჩარლზ ჩხოტუა გასული საუკუნის 90-იან წლებში შეხვდა ზვიად გამსახურდიას. ის იყო საქართველოს წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში და ბოლომდე, პუტჩის შემდეგაც, ურყევად იდგა ამ პოზიციაზე. ჩარლზის ანდერძის მიხედვით, მისი და მამის, ნიკოლოზის უნიკალური არქივი - ორდენები, დოკუმენტები, მიმოწერა - საქართველოში, ეროვნულ ბიბლითეკაში დაბინავდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მის ოჯახს", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„27 მაისი დიასპორის დღეა და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს იხსნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩხოტუების კაბინეტი. აფხაზეთთან დაკავშირებული დიასპორის არქივების საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საქმეა. ჩხოტუების არქივის საქართველოში ჩამოტანა ქალბატონი ელენისა და მისი ოჯახის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. ეროვნულ ბიბლიოთეკას კი მადლობას ვუხდით არქივის სისტემატიზებისა და ექსპოზიციის წარმოდგენისთვის", - განაცხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.