საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა. გამოიფინა ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, ასევე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ღვინის ეტიკეტების უნიკალურ კოლექციას. სტენდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც დაათვალიერა.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეროვნული ბიბლიოთეკა დამთვალიერებლის წინაშე ძალიან საინტერესო გამოფენით წარსდგა. ჩვენი ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის ეტიკეტები და სწორედ ისტორიული ეტიკეტები გამოვფინეთ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ გამოცემებთან ერთად. ეროვნული ბიბლიოთეკა და მისი „ვაზისა და ღვინის დარბაზი"დაინტერესებულ საზოგადოებას მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ სამომავლოდ კიდევ მრავალ საინტერესო პროექტს გააცნობს", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.