ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ 1800 ბიბლიოთეკა განაახლა
 13/06/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას საჯარო სკოლას ეწვია და უახლესი ლიტერატურა ჩაუტანა. სოფელი ძირითადად აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტებითაა დასახლებული და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეკვილიბრიუმმა" რამდენიმე წლიანი საქმიანობის შედეგად საქართველოს 1800 ბიბლიოთეკას (მათ შორისაა როგორც სოფლების ბიბლიოთეკები, ისე სკოლებში მდებარე ბიბლიოთეკები) ჩაუტანა წიგნები, ზოგიერთი მათგანი კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკითაც განახლდა. მოძრაობა განაგრძობის ამ საქმიანობას.   

„ესეც 1800-ე სოფელი, სადაც წიგნებით ჩავედით. ნინოწმინდას, სოფელ გორელოვკას ქართულ სკოლას ვესტუმრეთ, სადაც დიდწილად აჭარიდან წამოსული ეკომიგრანტების შვილები სწავლობენ და ახალი წიგნები ჩავიტანეთ", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.