ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ბარკოდიზაცია
 29/11/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ქართველოლოგიის განყოფილებაში, ასევე საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის წიგნსაცავის განყოფილებაში დაიწყო ავტომატიზებული ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნის ფონდის  შტრიხკოდების (ბარკოდების) საშუალებით იდენტიფიკაცია.

ჩვენი საბიბლიოთეკო ინტეგრირებული სისტემა Sierra Innovative და ბარკოდიზაციის უახლესი ტექნოლოგიების შერწყმა უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ოპერაციების ავტომატიზებულ შესაძლებლობებს ისეთი საბიბლიოთეკო ოპერაციების ჩასატარებლად, როგორიცაა ბარკოდირებული ერთეულების მიბმა ელექტრონული კატალოგების ჩანაწერებზე, წიგნის იდენტიფიცირება, წიგნის უსაფრთხოება და დაცვა, ფონდების მოცულობის ავტომატური აღრიცხვა, ფონდების ინვენტარიზაცია, საბიბლიოთეკო სტატისტიკის წარმოება, მომსახურების სფეროში Sierra Innovative -ის უმნიშვნელოვანესი მოდულის, ცირკულაციის სრულყოფილად დანერგვა, წიგნის ბრუნვისა და მომხმარებლის სტატისტიკის წარმოება და ა.შ.

რა არის ბარკოდი/შტრიხკოდი? - ბარკოდი/შტრიხკოდი არის გრაფიკული კოდირებული გამოსახულება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას და იძლევა ავტომატური სკანირებისა და მარტივი ტექნიკური მანიპულაციების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ამარტივებს საბიბლიოთეკო ერთეულებზე მუშაობის პროცესს.

ბარკოდიზაციის პროცესი - საბიბლითეკო ერთეულების ბარკოდიზაციის პროცესი გულისხმობს მთელი რიგი სამუშაოების გატარებას/შესრულებას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს საბიბლიოთეკო ერთეულის ინვენტარის, ლოკაციის, შენახვის შიფრის დაზუსტებასა და თაროებზე განლაგებას. ბარკოდიზაცია არის ჯაჭვი პროცესებისა, რომელიც ითხოვს აღწერილობის ყველა ელემენტში, ყველა რგოლში ინფორმაციის დაზუსტებას.

ბარკოდიზაციის პროცესის პირველმა ეტაპმა  დაგვანახა სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა:

1. აღწერილობის ყველა ელემენტში სრული სიზუსტე, რაც გულისხმობს შემოწმედეს/დადგინდეს/დაზუსტდეს ერთეულის ინვენტარის ნომერი, მასალის ტიპი/ ერთეულის სტატუსი, საბიბლიოთეკო ერთეულისათვის მინიჭებული ლიტერის/ ფორმატის/ კოლექცია;

2. საბიბლიოთეკო პროგრამაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმდეს საბიბლიოთეკო ერთეული შესაბამის საცავში შესაბამის თაროზე. ბიბლიოგრაფიულ აღწერილობაში  საბიბლიოთეკო ერთეულზე არასწორი ლოკაციის არსებობის შემთხვევაში დაზუსტდეს/შეიცვალოს ერთეულის ლოკაცია, შედგეს შესაბამისი აქტი წიგნის ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, განისაზღვროს ფიზიკურად ერთეულის ზუსტი მდებარეობა, რის საფუძველზეც მიენიჭება ახალი ლოკაცია და შესაბამისი კოდი, როგორც პროგრამულად ასევე ფიზიკურად;

3. გამოვლინდეს/გამოიყოს  საცავში არსებული საბიბლიოთეკო ერთეულები, რომლებსაც არ გააჩნიათ ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, მსგავსი ერთეულები გახდეს ელექტრონულ კატალოგში მკითხველისთვის ხელმისაწვდომი, რაც, თავის მხრივ,  ფონდის სრულყოფას შეუწყობს ხელს.

შედეგი - ამ პროცესების სწორად წარმართვა საბიბლიოთეკო ერთეულების შესახებ ზუსტ, გადამოწმებულ ინფორმაციას გვაძლევს. როცა ინვენტარი დაზუსტებულია, საბიბლიოთეკო ერთეულის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია, შესაძლებელია ბარკოდის დაბჭდვა და გააქტიურება, რაც, თავის მხრივ, გვაძლევს ინვენტარიზაციისა და საბიბლიოთეკო ერთეულების ზუსტი ოდენობის დადგენის შესაძლებლობას. შედეგად კი გვაქვს ბაზა - პარალელურად საცავი, სადაც დადგენილია თითოეული საბიბლიოთეკო ერთეული, რაც გვაძლევს სრული ფუნქციური სტატისტიკის წარმოების საშუალებას.

პროცესის გაგრძელება იქნება Sierra Innovative-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოდულის, ცირკულაციის დანერგვა, რომელიც დაეხმარება ბიბლიოთეკის როგორც თანამშრომლებს, ასევე მკითხველებს სრულყოფილად წარმართონ მოდულის ყველა ოფცია - დისტანციურად დაჯავშნონ წიგნი,  გამარტივდეს თითოეულ ეგზამპლარზე ხელმისაწვდომობა. როცა საბიბლიოთეკო ერთეული ბარკოდირებულია, თავის მხრივ, თანამშრომელსაც უმარტივდება პროცესის მართვა.