ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიაში
 27/06/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიაში წარმატებით მიმდინარეობს.

„26 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელებთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსთან, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანისთან, სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტთან, დონ მაურო მანტოვანისთან და სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტის მოადგილესთან ტიმოთი იანცთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები (ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი გამოფენები და სამეცნიერო კვლევები). შევთავაზეთ, შეიქმნას ერთობლივი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტები, მათი სისტემატიზაცია მეცნიერებს კვლევას გაუადვილებს. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვა ასპექტებსაც და გადაწყდა მემორანდუმის გაფორმება. ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ვიზიტი ვატიკანში, რომლის დროსაც დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობა ვატიკანის ბიბლიოთეკასა და არქივთან. ამ ტიპის თანამშრომლობა დღემდე უპრეცედენტოა და სამომავლოდ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის საქართველოს ელჩს ვატიკანში ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.