ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ვიზიტი საფრანგეთში
 27/01/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ვიზიტი საფრანგეთში წარმატებით დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის (INALKO) ბიბლიოთეკაში ( INALKO მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრია), სადაც დელეგაციის წევრები მათ საქმიანობას გაეცნენ და მომავალ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

„INALKO-ში არსებული ქართული კუთხე გაფართოვდება და ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი დაიდებს ბინას, რათა  მსოფლიოს ქვეყნებიდან პარიზში ჩამოსულმა მკვლევრებმა მეტი გაიგონ და შეიმეცნონ საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი ამბავი გახლდათ აკაკი ჩხენკელის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც პარიზის სოციალური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წევრების შთამომავლები. წიგნი გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტისა (IDFI) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს განსაკუთრებული თანადგომისთვის, ასევე ჩვენი საელჩოს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის. წინ კიდევ გველის კარგი ამბები", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.