„უმნიშვნელოვანესი ამბავი: საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძელებს ულამაზესი გარე-სამკითხველოების მოწყობას", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წიგნის ბუდეებს (პატარა სამკითხველოებს) აწყობს. სამკითხველოში განთავსებული ლიტერატურის წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წიგნის ბუდიდან აღებული წიგნი მკითხველმა ან უკან უნდა დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.
წიგნის ბუდეები ძირითადად სკვერებში ეწყობა და წიგნადი ფონდითაც პერიოდულად ივსება. სამკითხველოების დიზაინი, რომლის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუა, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება: თელავში კასრის ფორმის ბუდეა, ბათუმში - გემის ფორმის, სამტრედიაში - ველოსიპედის ფორმის და ა. შ.
არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება.