ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტი „რადიობიბლიოთეკა“ დაიწყო
 15/03/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, „რადიობიბლიოთეკა", დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გადაცემები, გამოქვეყნდება ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აუდიო-ვიდეო მასალა, შეიქმნება ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიო ვერსიები.

გიორგი ჩუბინიძე, პროექტის მენეჯერი: „რადიობიბლიოთეკის" პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ეთნოლოგიის დოქტორ მირიან ხოსიტაშვილის ძალისხმევით  მისი ეს იდეა რეალობად იქცა. პროექტზე მუშაობის მთავარი სირთულეა ყველაფრის ნულიდან დაწყება. სამუშაო ჯგუფის ნაწილს გვქონდა გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ქართულ საბიბლიოთეკო სივრცეში მსგავსი სახის მიმართულება ჯერ არ ყოფილა. ამდენად, ეს ყველაფერი ჯერ ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს, რომელიც მალე მნიშვნელოვან საქმედ გადაიქცევა. აუდიო-ვიდეო მასალები, ბეჭდური მასალების პარალელურად, ბიბლიოთეკის აწმყოს და მომავლის ნაწილია. საზოგადოება სულ უფრო მეტად ინტერესდება ვიზუალური მასალებით, მეტად პოპულარული ხდება წიგნის მოსმენის კულტურა. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ თანამედროვეობას და მის მოთხოვნებს ღირსეულად ვუპასუხოთ და ჩვენს მკითხველს საბიბლიოთეკო სივრცეში პატარა მედიაორგანიზმი შევუქმნათ".

„რადიობიბლიოთეკის" პროექტზე ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს. არსებული მასალების ნახვა შესაძლებელია YouTube არხზე ((1) რადიობიბლიოთეკა • Radiolibrary - YouTube), Facebook გვერდზე  ((1) Facebook) და სხვა პლატფორმებზე, რომლებიც პროექტს მალე დაემატება.