ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფესტივალ „ქუჯის“ დამფუძნებლებს საჩუქრები გადასცა
 02/10/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგეშვილი ზუგდიდში ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯი 2024"-ის  დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ კონკურს „ერთი მეგრულენოვანი ლექსის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი პრემია მიიღო შალვა ქარჩავამ. გამარჯვებულთა შორის არიან: თამარ დარასელია, ბათუ დანელია, თემურ ელიავა, შოთა წურწუმია. მთავარი პრიზი, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და მედალი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადაეცა გიორგი სიჭინავას.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ფესტივალის დამფუძნებლები სპეციალური პრიზებით დაასაჩუქრა. მან ასევე სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.   

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებით ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველწლიურ ფესტივალ „ქუჯის" მხარდამჭერი გახდა.