კომუნიკაციებისა და მასმედიის ციფრული ბიბლიოთეკა, გარემოს კვლევები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის
 08/05/2020

ძვირფასო მკითხველებო,

8 მაისიდან, ერთი თვის ვადით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისა და მედიაპროფესიონალებისთვის, სახლიდან სარგებლობის მიზნით, ჩართულია ორი ახალი, საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკა: კომუნიკაციები და მასმედია და გარემოს სრული ბიბლიოთეკა.

კომუნიკაციებისა და მასმედიის სრული ბაზა მოიცავს დარგის ყველაზე ხარისხიან და კვალიფიცირებულ რესურსებს ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, მასმედიის, მარკეტინგის, რეკლამის, ფილმისა და ვიდეოს, თამაშების, ლინგვისტიკის, რიტორიკის, ენის, ლოგიკისა და მედიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. მასში გაერთიანებულია 570 თემატური ჟურნალი, სახელმძღვანელოები, კომუნიკაციური მეცნიერების თეზაურუსი, 5500 საერთაშორისო ავტორის პროფილი ბიოგრაფიული და ბიბლიოგრაფიული მონაცემებით, აგრეთვე, ხშირად ციტირებული ნაშრომების კოლექცია და სხვა.
საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანია EBSCO აღნიშნულ კოლექციას კომუნიკაციებისა და მასმედიის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ორი ჯგუფის ხელშეწყობით ამზადებს.

გარემოს სრული ბაზა მკითხველებს თავაზობს კვალიფიციურ ნაშრომებს ბუნებრივი რესურსების, ურბანული დაგეგმარების, გარემოს სოციალური გავლენის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიური სისტემების, აგრონომიური კულტურების, სოციალური გავლენების, გარემოს დაცვის კანონმდებლობის, გარემოს რესურსების მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების, საჯარო პოლიტიკისა და სხვა საკითხების შესახებ. მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია მილიონზე მეტი ჩანაწერი, 1700 დასახელების გამოცემა და მონოგრაფიები, 680 ჟურნალი, მონოგრაფიები და მსოფლიოს ბუნებრივი გარემოს ისტორიის ენციკლოპედიის 3 ტომი.

ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის ვადით, ონლაინ სარგებლობისთვის ჩართულია EBSCO-ს აკადემიური წიგნების ციფრული კოლექცია და ეკოლოგიურ მეცნიერებათა ბიბლიოთეკა. EBSCO საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიაა, რომელიც 1944 წელს დაარსდა და მრავალი ქვეყნის ბიბლიოთეკას საუკეთესო, ძვირადღირებული ციფრული კოლექციებით უზრუნველყოფს.
ამ ყველა ციფრული რესურსით სარგებლობა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს შეუძლია მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდება და პაროლს მიიღებს. დამატებითი ინფორმაციისა და საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკებით სახლიდან სარგებლობისთვის მოგვწერეთ იმეილზე: msimonishvils@gmail.com, ან ნგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ფეისბუკის გვერდზე.

ახლო მომავლში, ახალ ვიდეობიბლიოთეკებსაც შემოგთავაზებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სასიხარულო სიახლეებს!