კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აბაშაში
 15/05/2026

15 მაისს აბაშაში კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორი სოფიო გელუკაშვილი-მოსია, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი ბექა ღაჟონია და ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნოდარ დუგლაძე ესწრებოდნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ მწერლის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება გაგრძელდა სოფელ ძველ აბაშაში, მწერლის სახლ-მუზეუმში, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული გამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია მიეძღვნა მწერლის ბიოგრაფიასა და  შემოქმედებას.

ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ:

„კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს სოფელ ძველ აბაშაში. მან განათლება მიიღო საქართველოში, შემდეგ კი ევროპაში - გერმანიაში სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას. ევროპულმა კულტურამ, ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა და კლასიკურმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება გამოირჩევა როგორც ეროვნული, ისე ევროპული ინტელექტუალური სივრცის სინთეზით. მწერლის ცხოვრების გზა რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო. საბჭოთა ეპოქაში მას ხშირად უხდებოდა იდეოლოგიურ წნეხთან გამკლავება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან შეძლო საკუთარი მხატვრული სამყაროს შენარჩუნება. მისი ნაწარმოებები დღესაც აღიქმება როგორც სულიერი წინააღმდეგობის, ეროვნული ღირსებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის მაგალითი. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება მრავალფეროვანია. იგი წერდა რომანებს, მოთხრობებს, ესეებსა და პუბლიცისტურ წერილებს. იგი ყველაზე დიდხანს იდგა მწერლის ტრიბუნასთან. ის იყო მწერალი, რომელმაც ქართულ სიტყვას ახალი სიღრმე, ფილოსოფიური დატვირთვა და მხატვრული მასშტაბი შესძინა. მის ნაწარმოებებში ერთიანდება ისტორია, ეროვნული სული, ადამიანური ყოფიერების ტრაგიზმი, თავისუფლების იდეა და კულტურული თვითშეგნება".

მწერლის სახლ-მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ.