ლიბანში ნაპოვნი უნიკალური ხელნაწერების ციფრული ასლები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
 13/04/2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველ მეცნიერთა ექსპედიცია ლიბანში, ქალაქ საიდასთან მდებარე მაცხოვრის მონასტერს (ORDRE BASILIEN DU SAINT-SAUVEUR) ეწვია. მონასტრის ბიბლიოთეკაში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა ოთხი უნიკალური და აქამდე უცნობი  ქართული ხელნაწერი, რომელთა ციფრული ვერსიები ქართულ მხარეს გადმოეცა.

XVIII საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები ლიტურგიკული ხასიათისაა.

ხელნაწერთაგან ერთ-ერთი XX საუკუნის 40-იან წლებში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა, შალვა ვარდიძემ შეისწავლა და გადმოწერა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ უნიკალური დოკუმენტების ციფრული ვერსიები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც გადაეცა. მასალები უკვე ატვირთულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში".

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მადლობას უხდის ციფრული ასლების გადმოცემისთვის.

იხილეთ ბმულები:

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/440761  (916.32 MB)

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/440762  (547.96 MB)

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/440755  (172.29 MB)

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/440759  (583.63 MB)