საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის" პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები, ისე სხვა უახლესი ლიტერატურა.
სკოლა აზერბაიჯანულია, თუმცა დაწყებით კლასებში სწავლება ორენოვანია - ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ამდენად, სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკის ქართული წიგნებით შევსება ძალიან მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია სკოლას ბიბლიოთეკის კიდევ უფრო გაძლიერებას და უახლესი ქართულენოვანი ლიტერატურით მომარაგებას მომავალშიც დაპირდა.