მოძრავი გამოფენა - „პანდემია, მსოფლიო და ისტორია“
 22/10/2021

22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა კამპანია „პანდემია, მსოფლიო და ისტორია". კამპანიის მიზანია პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების გაცნობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ათ რეგიონში წარმოდგენილი იქნება მოძრავი გამოფენა.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ დაინახოს პანდემიით გამოწვეული პრობლემის არსი და გააცნობიეროს, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ მისი საწინააღმდეგო ვაქცინაა.

„პანდემია არ არის ახალი მოვლენა მსოფლიოსთვის. საუკუნეების მანძილზე არაერთი პანდემია იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით ხშირად კი - ევროპაში. გამოფენა ზუსტად ამ პრინციპით ავაწყვეთ: დაწყებული რომის იმპერიით, რომელსაც შავი ჭირი მოედო, გაგრძელებული საქართველოთი, მათ შორის, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდით. ამ ეპოქის ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები არსებობს, სადაც სწორედ პანდემიას და არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერენ. შუა საუკუნეებში არაერთხელ აფეთქებულა ევროპაში და მათ შორის, საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია, შემდგომ - ქოლერა. სწორედ შავი ჭირი დაემთხვა ერეკლე II-ის პერიოდს. თავად ერეკლე რომ გარდაიცვალა, 40 დღის განმავლობაში ვერ დაკრძალეს. მეორმოცე დღეს ჩამოასვენეს თელავიდან სვეტიცხოველში. იმის გამო, რომ შავი ჭირი მძვინვარებდა, ერეკლე რამდენიმე ადამიანმა, პირადმა მოძღვარმა და პირადმა მცველმა შეასვენეს. ჭირისუფლები არაგვის მეორე მხარეს იყვნენ. ისტორიას უამრავი ისეთივე მძიმე შემთხვევა ახსოვს, როგორიც დღეს გვაქვს. შავი ჭირის გარდა, ჩვენთან პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მძვინვარებდა „ისპანკა", ე.წ. ესპანური გრიპი, შემდეგ ტიფი, ყვავილი და სხვა არაერთი დაავადება, რომელიც მთელ მსოფლიოში ცირკულირებდა. ბევრ შემთხვევაში ადამიანებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს, თუმცა, პირველ რიგში, ამ დაავადებებთან ბრძოლის წესები შეიმუშავეს. ერთ-ერთი პირველი სწორედ ვაქცინაცია იყო ყვავილზე, ქოლერაზე და ა.შ. გვინდა, ამ გამოფენით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ვაჩვენოთ ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და მოვუწოდოთ ვაქცინაციის, დისტანციის დაცვის, პირბადის ტარებისა და ყველა იმ შეზღუდვის გათვალისწინებისკენ, რომელიც COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე შედეგებისგან დაგვიცავს. ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა არ იქნება ფუჭი და მოსახლეობას ამ ყველაფერს ისტორიული კუთხით დავანახებთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ გადარჩნენ ადამიანები ვაქცინის საშუალებით დაავადებებთან ბრძოლაში", - აღნიშნავს მირიან ხოსიტაშვილი.

გამოფენის იდეას მიესალმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა და მიიჩნევს, რომ ღონისძიება ხაზს გაუსვამს ვაქცინაციის აუცილებლობას. მისი თქმით, ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რიტმის დასაბრუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ერთობლივად ბევრ პროექტს ვახორციელებთ. ეს აქტივობა, რომელიც პანდემიას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, თუ რა არის პანდემია და როგორ ხდება მისი დამარცხება. გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მრავალი დაავადებაა იქნება მიმოხილული ისტორიულ ჭრილში, ეს ღონისძიება უშუალოდ COVID-19-ს მიეძღვნება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნით, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი პრევენცია, იქნება ეს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა თუ ხელების დამუშავება და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამას აკეთებს ისეთი მაღალაკადემიური დაწესებულება, როგორიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავესწრებით გამოფენის გახსნას და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში კიდევ ბევრ ერთობლივ პროექტზე ვიმუშავებთ. ვაქცინაციის შედეგად, ადამიანებმა უკვე დაამარცხეს უამრავი დაავადება. ვაქცინების მეშვეობით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ვიცავთ. კოვიდვაქცინაციაც პანდემიის დასრულების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა გახლავთ," - აცხადებს ლელა სტურუა.

მოძრავ გამოფენაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არამედ პანდემიის წინააღმდეგ საზოგადო მოღვაწეებისა და მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები.