ოთარ ჯანელიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
 24/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ისტორიკოს ოთარ ჯანელიძის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით ვულოცავ ბატონ ოთარს იუბილეს. ის ჩემი მასწავლებელიცაა და მეგობარიც, რომლისგანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლო. მადლობა მას იმ საქმისთვის, რომელსაც ამდენი წელია ემსახურება. ბატონი ოთარი ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა პროექტისა და წამოწყების მხარდამჭერია. ოთარ ჯანელიძის ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის მაგალითია გამოფენაც, რომელიც ამ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოთარ ჯანელიძის ავტორობით გამოცემული წიგნები, ასევე მის შესახებ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახლახან გამოსცა ისტორიკოსის იუბილესადმი მიძღვნილი კიდევ ერთი წიგნი - „საისტორიო მეცნიერების სამსახურში".

მეცნიერის მოღვაწეობაზე და მის გამოცემებზე ისაუბრეს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა.