საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლონეთის საბიბლიოთეკო ასოციაციისა და პოლონეთის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესტუმრნენ. პოლონურ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ დიდი პოლონეთის რეგიონის საბიბლიოთეკო ასოციაციის თავმდჯომარე იზაბელა ბარანსკა და პოლონეთის საბიბლიოთეკო ასოციაციის პოზნანის ფილიალის თავმჯდომარე ჟანეტა შერშკნიში.
პოლონურ დელეგაციას უმასპინძლა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან წაიკითხა ლექცია ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაზე, მის თანამედროვეობასა და პოლონურ მემკვიდრეობაზე, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქიტექტურაში.
პოლონური დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების მუშაობამ. განყოფილების უფროსმა გიული პაქსაშვილმა სტუმრებს დეტალურად გააცნო რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა.
პოლონურმა დელეგაციამ დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და გაეცნო იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ პოლონურ დოკუმენტებს.
ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების უფროსმა ქეთი თომაძემ სტუმრებს გააცნო ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი და ამ ელექტრონულ ბაზაზე მუშაობის დეტალები.
ქართველ და პოლონელ ბიბლიოთეკარებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. საქართველოში და პოლონეთში დაგროვილი გამოცდილებების გაზიარება გაგრძელდება მომავალშიც.