რომის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმი გაფორმდა
 28/06/2023

27 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.  

„ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის მრავალ ასპექტს მოიცავს. დაიგეგმა და უმოკლეს დროში რომის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება, რათა მსოფლიო საზოგადოებამ მეტი შეიტყოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მოეწყობა სპეციალური გამოფენები რომში და თბილისში. ასევე გამოიცემა სპეციალური კატალოგი, სადაც აღრიცხული იქნება  საქართველოს შესახებ დოკუმენტები, რომლებიც დაცულია რომის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში. გავეცანით რომის ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურას. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია დაიგეგმოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. შეთანხმება მივაღწიეთ იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ კონსტანტინე სურგულაძის აქტიური მონაწილეობით. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ვიზიტი იტალიაში, სადაც დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ, ცენტრალურ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის დაწყება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის იტალიაში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის", - აცხადებს მირიან ხოსიტაშვილი.