საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფის Infobase Learning ბიბლიოთეკა სახლიდან წვდომისთვის
 01/04/2020

დღეიდან ერთი თვის ვადით, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის  ჩაირთო საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფების, Infobase Learning და FILMS MEDIA GROUP მონაცემთა ბაზები. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, სახელმწიფო მრჩევლისა და საზოგადო მოღვაწის, ბილ მოიერსის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ვიდეოლექციები და სახელმძღვანელოები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა, პედაგოგთა და სტუდენტთა ჯგუფური, თუ ინდივიდუალური სწავლებისთვის იქმნება. სასწავლო პროგრამები შექმნილია აღიარებული პროდიუსერების მიერ, საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციებისთვის.

ჩვენი მკითხველებისა და პატარა მკითხველების სახლიდან სარგებლობისთვის ჩართულია Infobase Learning-ის შემდეგი რესურსები: 


მსოფლიო ალმანახი ბავშვებისთვის
ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის იდეალური რესურსია. მასში წარმოდგენილია საშინაო დავალებების მოსამზადებელი მასალები, რომლებიც სახალისო და გასართობი მეთოდებით ხასიათდება. მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი თემებისთვის სანდო და თანამედროვე რესურსებს, ვიდეოებს, თამაშებს, სამეცნიერო პროექტებს და საშინაო დავალებისთვის დახმარებასაც გაეცნონ. მონაცემებს თან ერთვის რესურსები და სასწავლო გეგმები მასწავლებლებისათვის. ბავშვებისთვის წარმოდგენილია ონლაინ მუშაობის უნარების მეთოდებიც.

 

მსოფლიო ალმანახი სკოლამდელი ბავშვებისთვის

ეს საბავშვო ბიბლიოთეკა სპეციალურად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა. ბავშვები გაერთობიან ილუსტრირებული სტატიების, ვიდეოების, ინტერაქტიური სასწავლო თამაშების, სახალისო ფაქტების და ქვეყნების ფერადი მონაცემთა ბაზების გაცნობით. მონაცემთა ბაზები შექმნილია საუკეთესო პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ ბავშვთა საჭიროებებისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის წარმოდგენილია დასაბეჭდი პლაკატები, კლასების შექმნის მეთოდები, საორგანიზაციო მასალები და სხვა.

მსოფლიოს გეოგრაფია და კულტურა ონლაინ - ეს ციფრული ბიბლიოთეკა ქვეყნების, მათი კულტურების, გეოგრაფიული ტერმინებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მონაცემებს გვაცნობს. ყოველი ქვეყანა წარმოდგენილია გეოგრაფიის, ისტორიის, საზოგადოებისა და კულტურის მიხედვით. ინფორმაცია, რუკები და დროშები, ვიდეოები, ფოტომასალა, საინფორმაციო რესურსები,  ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები და ქრონოლოგია ყოველ ქვეყანას სიღრმისეულად წარმოგიდგენთ.

მოსახლეობისა და ფიზიკური გეოგრაფიის შესახებ ვიდეოები და თემები ცნობილმა  რეჟისორებმა შექმნეს და გაცნობთ ქვეყნების კლიმატურ თავისებურებებს, ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებს, კონტინენტურ გეოგრაფიას, მსოფლიოს სხვადასხვა ენას, მეგაპოლისების ისტორიას, დასავლეთ ევროპის თანამედროვე მიღწევებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

Infobase Learning ცნობილი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1940 წელს დაარსდა და, მას შემდეგ, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით ამარაგებს. მრავალი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია არაერთი ჯილდოს მფლობელია, როგორც ყველაზე სანდო და ხარისხიანი კოლექციების მიმწოდებელი.

დამატებითი ინფორმაციისა და პაროლის მისაღებად მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზის ფეისბუკის გვერდზე, ან მოგვწერეთ: msimonishvils@gmail.com . პაროლის მიღების შემდეგ ეწვიეთ ამ ბმულს: http://online.infobaselearning.com/Default.aspx . 

აქვე შეგახსენებთ, რომ 29 მარტიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ჩართულია საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიის, EBSCO-ს აკადემიური წიგნების სრული კოლექციის, ეკოლოგიის სწავლების, გარემოს დაცვის საკითხების და, ჯერ კიდევ, პოლიტიკის მონაცემთა ბაზებიც. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან მონაცემების დაზუსტებისა და პაროლით სარგებლობის შემდეგ.