ტარას შევჩენკოს ლექსების რაულ ჩილაჩავასეული თარგმანის წარდგენა
 22/11/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტარას შევჩენკოს ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა. ცნობილი უკრაინელი პოეტის ლექსები უკრაინულიდან ქართულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

ღონისძიება მთარგმნელმა გახსნა და საზოგადოებას ტარას შევჩენკოს პიროვნებისა და შემოქმედების მნიშვნელობაზე ესაუბრა.    

ლექსების კრებული „ფიქრნო ჩემნო..." ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. კრებულში თავმოყრილი ლექსები დაბეჭდილია უკრაინულ და ქართულ ენებზე.

წიგნს ერთვის მთარგმნელის წერილი, რომელშიც განხილულია კონკრეტულად ეს კრებული, უკრაინელი პოეტის ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე ზოგადად მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.

„...უკრაინელთა უპირველესი პოეტი, აწ უკვე ერის მამად და წინასწარმეტყველად შერაცხული, არა მარტო რევოლუციონერ-დემოკრატია, არამედ უნაზესი ლირიკოსიც, რომელმაც საოცარი თრთოლვითა და სიფაქიზით გვაზიარა თავის უინტიმურეს განცდებს, დიდი გულახდილობით ჩაგვახედა პირად სულიერ სამყაროში და გაგვანდო ის წამიერი აღმაფრენებიცა და მარადიული ტკივილებიც, მის მოუწყობელ, აწეწილ, მღელვარე ცხოვრებას ნიადაგ თან რომ ახლდა. მინდოდა ქართველ მკითხველს მიახლოებით მაინც ეგრძნო შემოქმედებითი მასშტაბები ხელოვანისა, რომელსაც განგებამ მიწიერი ცხოვრებისთვის ტრაგიკულად მცირე დრო გამოუზომა, მაგრამ მაინც დააცალა საშინელი ყმობიდან, გულქვა მებატონის ხელის ბიჭობიდან აკადემიკოსობამდე, საყოველთაო-სახალხო მგოსნობამდე აღზევება", - წერს რაულ ჩილაჩავა თავის წინასიტყვაობაში.