ქართული ხალხური სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“ ერთ წიგნად გამოიცა
 11/10/2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის" მხარდაჭერით გამოიცა ქართული ხალხური სიმღერა „ჩვენ მშვიდობა". გამოცემაში შესულია 1907-2005 წლებში ჩაწერილი 40-მდე რჩეული აუდიონიმუში. ჩანაწერები ნოტებზე ჩაწერა და შეადგინა მუსიკოლოგიის დოქტორმა დავით შუღლიაშვილმა.

წინამდებარე წიგნი პირველი სანოტო კრებულია, რომელიც ერთ ქართულ ხალხურ სიმღერას მიეძღვნა და გამოცემულია აუდიონიმუშებითურთ. აუდიოჩანაწერთა უმეტესობა (31 ნიმუში) ტირაჟირებულად პირველად ქვეყნდება.

„ვფიქრობ, ეს გამოცემა ხელს შეუწყობს ქართული ხალხური სიმღერისადმი ინტერესის კიდევ უფრო გაღვივებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი მაქვს, რომ ძველი დიდოსტატი მომღერლების ფანტაზიისა და იმპროვიზაციის ნაყოფის გულდასმით შესწავლა იმ ენერგიის წარმოქმნის წინაპირობაა, რომლითაც ახალი თაობები ახლებურად გაამდიდრებენ და განამშვენებენ ქართული ხალხური მუსიკის ისეთ მარგალიტს, როგორიც არის დიდებული სიმღერა „ჩვენ მშვიდობა", - ამბობს დავით შუღლიაშვილი.