წიგნის გრაფიკის უნიკალური ნიმუშები ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმიდან
 18/07/2023

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოდან არაერთი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა ევროპაში განათლების მისაღებად. მათ შორის იყვნენ: კირილე და ილია ზდანევიჩები, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, მოგვიანებით ელენე ახვლედიანი და სხვები. დასავლური განათლება მკაფიოდ აისახა თითოეული მათგანის შემოქმედებაში. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში შემოქმედი ადამიანებისთვის იმდენად თავისუფალი გარემო შეიქმნა, რომ რუსეთის იმპერიიდანაც კი ჩამოდიოდნენ ხელოვანები, რომელთა შორის იყვნენ: სუდეიკინი, დეგენი, ხლებნიკოვი, მაიაკოვსკი, მანდელშტამი და სხვები.

ამ გარემოებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის ქართული ავანგარდული ხელოვნების განვითარებაზე. შეიქმნა სრულიად განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული ქართული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც ქმნიდნენ ირაკლი გამრეკელი, კირილე ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი.  ამ მხატვრების შემოქმედება წლების მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით (თეატრი, სახვითი ხელოვნება, წიგნის გრაფიკა) ვითარდებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიცა წიგნები, რომლებიც ცნობილი მხატვრების ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ამჟამად ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.  

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება კირილე ზდანევიჩისა და ირაკლი გამრეკელის, ასევე ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის მიერ გაფორმებული წიგნები. ამ გამოცემებში შეგვხვდება როგორც გრაფიკული ნამუშევრები, ისე ფერადი ილუსტრაციები.

„აღსანიშნავია, რომ ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებად ქცეული წიგნები რეპრესიებამდელ პერიოდში, XX საუკუნის 20-30-იან წლებშია დაბეჭდილი. ხელოვნების ეს მიმართულებაც და მისი შემოქმედნიც (პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი და სხვ.) შემდეგ  წლებში დაწესებულ რეპრესიებს შეეწირნენ. გამოცემების უმრავლესობა კი საბჭოთა ცენზურის მიერ „დაპატიმრებული", ანუ აკრძალული წიგნების ნუსხაში იყო წლების განმავლობაში. მათი აკრძალვის და ბიბლიოთეკების სპეციალურ ფონდებში ჩაკეტვის მიზეზი რეპრესიების მსხვერპლთა სახელები და გამოცემებზე მათი „კვალი" აღმოჩნდა. „სპეცფონდებს" მიღმა დარჩენილი ისედაც მცირეტირაჟიანი წიგნები კი ნადგურდებოდა. ჩვენამდე სწორედ სპეციალურ ფონდებში ჩაკეტილმა ცალებმა მოაღწიეს და ამ თვალსაზრისითაც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი შორენა ოსიპოვა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებული გამოცემების შესწავლა აქტიურად მიმდინარებს. გამორჩეული ცალები კი წიგნის მუზეუმში ინაცვლებს და მუზეუმის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მათი დათვალიერება.