"ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები" - ფილმის ჩვენება
 08/12/2025

4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტურ სერიალ „ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიების" პირველი ფილმის მეოთხე ნაწილის - „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა" - ჩვენება გაიმართა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფილმი შექმნა ნატო მარშანიას წიგნის, „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში", მიხედვით. მასში ასახულია საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტები და მოვლენები აფხაზი არისტოკრატების ოჯახების (შერვაშიძეები, ემუხვარები, მარშანიები, ანჩაბაძეები, მარღანიები, ჩხოტუები) და მათი შთამომავლების შესახებ.

ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივი, რომელიც დოკუმენტური ფილმის შექმნის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. აქვე ფუნქციონირებს ჩხოტუების სახელობის დარბაზიც.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. „ჩხოტუების ოჯახის გზა არის ერთდროულად ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის ფენომენი. მათი მოღვაწეობა გადაჭიმულია მეცნიერებიდან დიპლომატიამდე, სახელმწიფოებრივი საქმიანობიდან კულტურამდე და ემიგრაციის რთულ გზამდე. ისინი წარმოადგენენ თაობას, რომელმაც იცოდა, რომ სამშობლოს სიყვარული საზღვრებს არ ექვემდებარება და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გეოგრაფიული სივრცით არასდროს მთავრდება", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელდა.

ფილმის ჩვენებას აფხაზეთის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ეროვნული ბიბლიოთეკის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.