„კოკა-კოლა“ „ციფრული ფოტომატიანის“ მხარდამჭერი გახდა
 02/06/2023

2 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბილიოთეკასა და „კოკა-კოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „კოკა-კოლას" ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ. შეთანხმების მიზანია ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის, „ციფრული ფოტომატიანის" მხარდაჭერა.

ილია ჭავჭავაძე წერს: საქართველოს ისტორია, ძირითადად, მეფეებისა და ომების ისტორიაა, ხალხი არ ჩანსო. თუ რამე აკლია ქართულ ქრონიკებს, სწორედ ყოფის, ყოველდღიურობის, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბების დოკუმენტური ასახვაა. ევროპული კულტურა ადამიანთა ყოფას ნებისმიერ კონტექსტში აღწერს და ასახავს. „ციფრული ფოტომატიანე" ეროვნული ბიბლიოთეკის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც სწორედ ამ საქმეს ემსახურება: ის XIX, XX საუკუნეებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ვიზუალურ ისტორიას ქმნის.

პროექტის ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პიროვნების არქივი თუ უცნობი ფოტოა გაციფრებული. ამავდროულად აქ ჩანს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებაც (გლეხი, მუშა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი) თავისი კულტურული თავისებურებებით, კონტექსტით, ჩაცმულობით, მანერებით. „ცუფრული ფოტომატიანე" საუკეთესოდ აღწერს ეპოქების სულს. ამ პროექტის საშუალებით უამრავი ადამიანის იდენტიფიცირებაც გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა აციფრებს ფირების ნეგატივებსაც, რომლებიც ძველ ფოტოატელიეებს აქვთ შემონახული.

ახლახან აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიხეილ მესხის უნიკალური არქივის გაციფრება; ასევე გურიაში დაცული ფოტოატელიეს ორმოცწლიანი ისტორიის დიგიტალიზაცია. შეთანხმებულია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების გაციფრება.

„კოკა-კოლასთან" თანამშრომლობა პროექტს უფრო ფართო მასშტაბებს შესძენს; ჩვენს ვიზუალურ ისტორიას კი გაცილებით დიდი არეალი გაუჩნდება. მემორანდუმის თანახმად, კომპანია პროექტს ტექნიკური აღჭურვილობით დაეხმარება.